1998 წლის 25 ნოემბერს ბასილ მკალავიშვილმა თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მოაწყო. მკალავიშვილი 1995 წელს ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი იყო, მან რამდენჯერმე სცადა გლდანის ეკლესიაში დაბრუნება, მაგრამ სპეციალური დანიშნულების რაზმი “ომონი” თემურ მღებრიშვილის ხელმძღვანელობით მკალავიშვილისა და მის მხარდამჭერების შეკრებებს ძალის გამოყენებით შლიდნენ. თავის მხრივ მკალავიშვილის ჯგუფი, რომელმაც “გლდანის დევნილი ეპარქია” დაირქვა, თავს ესხმოდნენ რელიგიურ სექტებს და ანადგურებდნენ მათ ლიტერატურას. ბასილ მკალავიშვილი იეღოველების წინააღმდეგ წლების განმავლობაში იბრძოდა. “იეღოველები” – ასე მოიხსენიებდნენ მაშინ იეღოვას მოწმეებს.
25 ნოემბერს დაახლოებით 100-მდე ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის ძეგლთან და მედიასთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს “თავდადებული ბრძოლა” მართლმადიდებლური სარწმუნოების “მტრების” წინააღმდეგ. ეჭირათ შავ ნაჭრებზე გამოსახული წარწერები “გლდანის მართლმადიდებელი ეპარქია შეაჩვენებს იეღღოველთა სანატურ სექტას”, “წინ აღვუდგეთ სულიწმინდის მგმობელ იეღოველთა სექტას!” “მართლმადიდებლობა ან სიკვდილი”, “წმინდათ დავიცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება”. ამ წარწერებმა იქვე “მაკდონალდსის” მშენებლობაზე მომუშავეთა ყურადღებაც მიიპყრო.
მკალავიშვილი მიიჩნევდა, რომ იეღოვას მოწმეები გააქტიურდნენ და საქართველოს ზოგიერთი რეგიონი წალეკეს. მათგან თავის დასაღწევ ერთ-ერთ გზად მკალავიშვილი რეგიონებში ეკლესიების აშენებას და მართლმადიდებლური ეკლესიის გააქტიურებას მიიჩნევდა. ის მოითხოვდა, პარლამენტს სასწრაფოდ მიეღო კანონი, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, ხოლო დანარჩენი რელიგიური მიმდინარეობები და სექტები აიკრძალებოდა. ის ითხოვდა, რომ ილია მეორის ნაცვლად კათალიკოს პატრიარქად სხვა აერჩიათ, ვინაიდან მიაჩნდა, რომ პატრიარქმა გადაუხვია სჯულის კანონს და ილია მეორე უნდა განეკვეთათ საპატრიარქოდან.
აქციის მონაწილენი რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტისკენ ზარების რეკვით დაიძრნენ დეპუტატებთან შესახვედრად. მათ პარლამენტის ეროვნული უმცირესობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტონე კოკოევი შეხვდა. აქციის მონაწილეებმა მას სამკვირიანი ვადა მისცეს მოთხოვნების შესასრულებლად. თუმცა კოკოევმა აუხსნა, რომ ეს მოთხოვნები პატრიარქთან უნდა შეთანხმდეს.
ბასილ მკალავიშვილი საბოლოოდ 2004 წლის 12 მარტს დააკავეს 9 თანამოაზრესთან ერთად. მკალავიშვილის დაკავების სპეცოპერაცია პარასკევს გამთენიისას ჩატარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ძებნაში მყოფი და აქამდე მიმალული მკალავიშვილი გამოჩნდა და მართლმადიდებლობის დასაცავად ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა. ეკლესიისგან განკვეთილ ბასილ მკალავიშვილს სამართალდამცავებისგან მრევლი მთელი ღამის მანძილზე იცავდა. საქმეში სპეცრაზმი ჩაერია, დაარბიეს შეკრებილები, დაშავდა არაერთი ადამიანი.
2005 წლის 31 იანვარს ბასილ (ვასილ) მკალავიშვილს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.