2006 წელს ეკრანებზე გამოვიდა რონ ჰოვარდის ფილმი “და ვინჩის კოდი”, რომელიც ეფუძნება დენ ბრაუნის ამავე სახელწოდების წიგნს. ფილმმა საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტი გამოიწვია. როგორც civil.ge წერდა, ფილმის ჩვენებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოუწოდა მორწმუნე ქრისტიანებს “თავი შეიკავონ“ ფილმის ნახვისგან.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, რომ ფილმი “მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს“.
2006 წლის 18 მაისს რუსთაველის გამზირზე კინოთეატრ “რუსთაველთან” ათობით ადამიანი შეიკრიბა ფილმის გასაპროტესტებლად. კინოთეატრის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით “ამ ფილმის ნახვა ქრისტეს მეორედ ჯვართცმაა“. “ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია”.
საპროტესტო აქციას ასევე შეუერთდა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეიბორისტული პარტიიდან. მათ შორის იყო ზაზა გაბუნიაც, რომელიც 2016 წელს პარლამენტის წევრიც გახდა. “ვაპროტესტებთ ფილმს, რომელიც არის აბსოლუტური აპოლოგია უზნეობისა და ცოდვისა”, – ამბობდა აქციაზე მისული ზაზა გაბუნია.
პროტესტს გავლენა არ მოუხდენია ფილმის ჩვენებაზე. სეანსები კინოთეატრში გაგრძელდა.