1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაარღვიეს ამავე წლის 27 ივლისის სოჭის სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმად, ორივე მხარეს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანა და უნდა გასულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ძალებიც. თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს პირობა დაარღვია და ოჩამჩირესა და სოხუმს შეუტია. ქართულ მხარეს კი თავისი ტექნიკა და საჯარისო შენაერთები უკვე გამოყვანილი ჰყავდა.
პარლამენტის სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ ამიერკავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარების მთავარი შტაბის (მიხეილ თამარაშვილის გამზირზე) წინ მჯდომარე საპროტესტო აქცია მოაწყო. მასთან ერთად შტაბის კიბეებზე სხვა ქართველი პარლამენტარები – უმეტესად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დასხდნენ. აქციის მონაწილეებს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ზემსკი შეხვდა. “შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და პარლამენტარებს შეჰპირდა – თქვენს მოთხოვნებს რუსეთის მთავრობას გადავცემო. ამან, ბუნებრივია, აქციის მონაწილეთა კმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ზემსკის მორიდებულ თხოვნას – დაშლილიყვნენ, მათ ასევე მორიდებული უარით უპასუხეს”, – წერს გაზეთი “დრონი”. აქციის მთავარი მოთხოვნა სოჭის შეთანხმების შესრულება იყო. მწვანეთა ფრაქციის ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ აქცია გაგრძელდებოდა მანამდე, სანამ აფხაზეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გარანტიას არ მიიღებდნენ, მაგრამ ისინი იმავე საღამოს ვახტანგ გოგუაძისა და ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიშალნენ.