EN

აქცია მერის პირდაპირ არჩევის მოთხოვნით

left arrow

2005

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2005 წლის 27-30 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

თბილისის მერი არჩევის ნაცვლად პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა

ორგანიზატორი

ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები

მთავარი მოთხოვნა

თბილისის მერი პრეზიდენტის მიერ დანიშვნის ნაცვლად მოსახლეობას აერჩია

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

“თბილისის მერი თბილისელებმა უნდა აირჩიონ!”, “არჩევანი თბილისელებს!”, “ღირსება თბილისს!” “საქართველო ძალადობის გარეშე!”
“ბოიკოტი დანიშნულ საკრებულოს!”

სხვა ვიზუალური ელემენტები

პლაკატზე დახატული ერთ-ერთი ტელეღიპუცის კომბინეზონში გამოწყობილი თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი

პროტესტის შედეგი

კანონპროექტი მესამე მოსმენითაც მიიღეს და შემდეგი მერიც პრეზიდენტმა დანიშნა

2005 წლის 27 ივნისს აბანოთუბანში მუსიკალური აქცია გაიმართა. შეკრებილები ითხოვდნენ თბილისის მერი პრეზიდენტს კი არ დაენიშნა, არამედ ხალხს აერჩია. 2006 წლამდე მერებს პრეზიდენტი ნიშნავდა, 2006 წელს კი საკრებულომ აირჩია, ხოლო მოსახლეობამ პირველად 2010 წელს აირჩია მერი. არჩევის მომხრე იყვნენ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც და პრეზიდენტ სააკაშვილს და მმართველ გუნდს მოუწოდებდნენ, კანონმდებლობა შეცვლილიყო. ამ დროს გიგა ბოკერიას მიერ ინიცირებული იყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერს ხალხი კი არ აირჩევდა, არამედ  თბილისის საკრებულო აირჩევდა თავისივე შემადგენლობიდან. 

“აღარ გვინდა ჭია მერი, ავირჩიოთ ნაღდი მერი” – ამ მოწოდებით “გაილაშქრეს” პირველად დედაქალაქის მერის წინააღმდეგ, რომლის ინიციატორებიც “ახალი მემარჯვენეები” იყვნენ. “პლაკატზე დახატული ერთ-ერთი ტელეღიპუცის კომბინეზონში გამოწყობილი მოღიმარი ზურაბ ჭიაბერაშვილი [თბილისის მერი] კარგა ხანს ამშვენებდა თბილისის ქუჩებს, თუმცა ამ შავ-ყვითელმა აქციამ შედეგი ვერ გამოიღო,” – წერს გაზეთი “24 საათი”. ამ აქცია-კონცერტის ლიდერები “წვიმის მუსიკოსები” იყვნენ.  კონცერტში მონაწილეობდნენ ზუმბა, “მწვანე ოთახი”, “პაპარაცი” და ქუთაისური “აუტსაიდერიც”. 

ლოზუნგები გოგირდის აბანოს ერთ-ერთ გუმბათს ამშვენებდა: “თბილისის მერი თბილისელებმა უნდა აირჩიონ!”, “არჩევანი თბილისელებს!”, “ღირსება თბილისს!” და შედარებით მასშტაბური შინაარსის “საქართველო ძალადობის გარეშე!” ამ მოწოდებების სიახლოვეს კი მერის არჩევითობის მომხრეების ხელმოწერები გროვდებოდა. 

რამდენიმე დღის შემდეგ, 2005 წლის 30 ივნისს, მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ  ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები.  “ბოიკოტი დანიშნულ საკრებულოს!” “რეფერენდუმი ცესკო-ს ლუსტრაციაა!” “არა, დანიშნული საკრებულო!” – ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით დახუნძლულმა ედპ-ლებმა გეზი პარტიის შტაბ-ბინიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსკენ აიღეს. ედპ-ს მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრის, გოგა გოგნიაშვილის აზრით, “დემოკრატიის ნიშნით მოსული ხელისუფლება დემოკრატიას ასამარებს”. პარლამენტის შენობის გარეთ მდგარი აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ზემოქმედება მოეხდინათ პარლამენტის შენობაში მყოფ საპარლამენტო უმრავლესობაზე, რომელიც მეორე მოსმენით განიხილავდა თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს.საბოლოოდ კანონპროექტი მესამე მოსმენითაც მიიღეს და შემდეგი მერი საკრებულომ აირჩია.

Media

თბილისელები როკ კონცერტით ითხოვენ მერის პირდაპირ არჩევას

თბილისელები როკ კონცერტით ითხოვენ მერის პირდაპირ არჩევას

ფოტო: იური ლობოდინი, გაზეთი "24 საათი"