EN

ზვიადისტების მიტინგები

left arrow

1992

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1992 წლის 4 თებერვალი – 1993 წლის 29 ივლისი

გავრცელების არეალი

ეროვნული

პროტესტის თემა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, შიმშილობა, გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

ზვიად გამსახურდიასა და მთავრობის ნაწილის ქვეყნიდან წასვლას

ორგანიზატორი

ზვიად გამსახურდიას მომხრეები

მთავარი მოთხოვნა

ზვიად გამსახურდიას დაბრუნება
პოლიტპატიმართა გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ქვეყნის ფაქტიური მმართველები

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია

ლოზუნგები

“ძირს სისხლიანი ხუნტა და მისი მეთაური შევარდნაძე”.

შეძახილები

ზვი-ა-დი!

ძირს ხუნტა!

1992 წლის იანვარში პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა, ქვეყანაში კი შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდებოდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დაბრუნების მოთხოვნით გამართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ჩაახშვეს. 2 თებერვალს მომიტინგეთა დახვრეტის შემდეგ დიდი აქციები აღარ გამართულა. თუმცა გაზეთ “7 დღის” სტატიებიდან ირკვევა, რომ ზვიადისტების მიტინგები გრძელდებოდა. პრეზიდენტის მომხრეების მცირე ჯგუფი ყოველ დღე მაინც იკრიბებოდა თბილისში პარლამენტის შენობის წინ, ხოლო სოხუმში – კონსტიტუციის მოედანზე. ამ ადამიანებს ზვიადისტებად მოიხსენიებდნენ პრესაშიც და პირად თუ საჯარო საუბრებშიც. 

10 აპრილს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება “მოქალაქეთა ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში მიტინგების აკრძალვაზე”, რის შემდეგაც სოხუმში კონსტიტუციის მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს აფხაზეთის მილიციის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების გამოყენებით. 11 აპრილიდან 14 აპრილამდე ზვიად გამსახურდიას მომხრეები იკრიბებოდნენ კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქართულ დრამატულ თეატრთან და მართავდნენ საინფორმაციო მიტინგებს.

15 აპრილიდან მილიციამ თეატრის მისასვლელებიც გადაკეტა. 19 აპრილს სოხუმის საკათედრო ტაძრის ეზოში შიმშილობა დაიწყო საქართველოს ჰელსინკის კავშირის ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, 28 წლის ზურაბ კვარაცხელიამ. მას იმავე დღეს შეუერთდა 5 მოქალაქე, აქედან 3 ქალი, მათ შორის 10 შვილის დედა ნათელა შელეგია.

სოხუმის პარალელურად, 10 მაისს არც თბილისში ჩაატარებინეს აქცია გამსახურდიას მხარდამჭერებს. რუსთაველის ძეგლთან მიმდებარე ტერიტორია მილიციის კორდონითა და სამხედრო ტექნიკით შემოსაზღვრეს. ამიტომ აქციის მონაწილეები უნივერსიტეტთან (იგულისხმება თსუ-ს პირველი კორპუსი) გაემართნენ და “ჩაის სახლთან” (დღეს ამ შენობასთან ტარას შევჩენკოს სკვერია) გაჩერდნენ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნას კანონიერი ხელისუფლების დაბრუნების შესახებ ემატებოდა პოლიტპატიმართა გათავისუფლების მოთხოვნაც.

“მილიციის თანამშრომლებმა დააპატიმრეს 20 კაცი… აქციის ორგანიზატორების ცნობით, მიტინგი დაარბიეს “მხედრიონისა” და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა. კომენდანტის ცნობით, დარბევა მასთან შეუთანხმებლად მოხდა და თვითნებურ ხასიათს ატარებდა. ქალაქ თბილისის კომენდანტი, მილიციის გენერალ-მაიორი გია გულუა: “არსებობს ბრძანება,  რომლის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი არასანქცირებული თავშეყრა. ეს არის კანონი და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს მიუხედავად თავისი განწყობილებისა”, – წერდა გაზეთი 7 დღის ჟურნალისტი გიორგი სანაია.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როცა თბილისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი სტუმრობდა, გამსახურდიას მომხრეებს ფილარმონიიდან რუსთაველამდე მსვლელობა არ გაამართვინეს. გამომცემლობა “სამშობლოს” წინ (დღევანდელი  “სტამბის” შენობა), მათ ახალგაზრდების ჯგუფი გადაეღობათ. გაზეთი “დრონი” წერს: “მდგომარეობის განმუხტვის საშუალებად ახალგაზრდებმა ჰაერში სროლა მიიჩნიეს… ფუჭ ვაზნებს იყენებდნენ თუ არა, ვერაფერს გეტყვით… თუმცა, პისტოლეტიც გავარდა – ტყვია გამომცემლობის ფანჯარას მოხვდა მესამე და მეოთხე სართულებს შორის… იმ გაწამაწიაში, ეტყობა, ვიღაცამ ვერ მოზომა”.

ზვიად გამსახურდიას მომხრეები 1993 წელსაც იკრიბებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და აქციების გამართვას სანქცია სჭირდებოდა, ისინი მაინც ახერხებდნენ ხან ნებართვით და ხანაც უნებართვოდ შეკრებას. ისევ ისმოდა შეძახილები “ზვი-ა-დი!”, “ძირს ხუნტა!”, თუმცა, ახლა უკვე, ედუარდ შევარდნაძის გადადგომასაც ითხოვდნენ, რადგან 1992 წლის 7 მარტს სწორედ შევარდნაძე სახელმწიფო მეთაურად ჩამოიყვანა პუტჩისტების მიერ შექმნილმა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ, რომელშიც შედიოდნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა. მათ 10 მარტს ძალაუფლება გადააბარეს ახლად შექმნილ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, რომელიც, ფაქტობრივად, დროებითი მთავრობა იყო.

ზვიადისტები შეკრებებს აგრძელებდნენ. მათთან გამკლავებას შევარდნაძის დროებითი მთავრობაც ცდილობდა და ზოგჯერ არბევდა კიდეც. მაგალითად, ასე მოხდა 1993 წლის 5 აპრილს რუსთაველის ძეგლთან. იმ დღეს მიტინგის გამართვის სანქცია არ მიუღიათ, რადგან ამბობდნენ, რომ მერაბ კოსტავას ეზოში მიდიოდნენ, რომელიც იქვე, აღმართზე იყო და ეზოს შიგნით შეკრებას ნებართვა არ სჭირდებოდა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, ხელკეტებით სცემეს ხალხი, მათ შორის ქალები. “მილიციელებს თან ავტომატებიც ჰქონდათ, თუმცა, პირდაპირი დანიშნულებით არ გამოუყენებიათ. “მხოლოდ” ყელზე მიაბჯენდნენ ადამიანებს, უკან გადაწევდნენ და მერე ორ-ორი ხელკეტებით ურტყამდნენ”, – აღწერს მომხდარს გაზეთი “7 დღე”.   დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომელიც იმავე საღამოს გაათავისუფლეს. დარბეულები მივიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, რომელიც მაშინ ათონელის ქუჩაზე მდებარეობდა. ამ ადგილზე მიტინგი  მეორე დღესაც  გამართეს. 

ზვიადისტების დემონსტრაციები ეწყობოდა ზუგდიდშიც. 1993 წლის 16 ივნისს აქ შეკრებილებს ზვიად გამსახურდიას სურვილები გადასცეს – შეეგროვებინათ ხელმოწერები მისი დაბრუნების მოთხოვნით. როგორც მიტინგზე განაცხადეს, გამსახურდიას სურდა სოხუმში ჩასვლა, რათა სათავეში ჩასდგომოდა “აფხაზურ-მეგრულ სახელმწიფოს”.

უსანქციო მიტინგის ჩატარების უფლება გამსახურდიას მომხრეებს, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, 1993 წლის 29 ივლისს  მისცეს. მიტინგის დევიზი, როგორც სხვა დროს, იმ დღესაც იყო: “ძირს სისხლიანი ხუნტა და მისი მეთაური შევარდნაძე”. 

Media

ზვიადისტების მიტინგები - შიმშილობა ეკლესიის ეზოში

ზვიადისტების მიტინგები - შიმშილობა ეკლესიის ეზოში

გაზეთი "7 დღე" - 23-29 აპრილი, 1992 წელი, N13

ზვიადისტების მიტინგები, დარბევები, დაპატიმრებები

ზვიადისტების მიტინგები, დარბევები, დაპატიმრებები

გაზეთი "7 დღე"