EN

2 სექტემბრის დარბევა და მიტინგები სამოქალაქო ომამდე

left arrow

1991

right arrow
Toggle details

პროტესტის პერიოდი

1991 წლის 2 სექტემბერი-21 დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

კინოს სახლთან გამართული საინფორმაციო შეხვედრის დარბევა

პროტესტის ფორმები

აქცია, ადგილის დაკავება, პიკეტი, გაფიცვა, შიმშილობა

ორგანიზატორები

თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი

ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია

სტუდენტი ახალგაზრდობის დროებითი კავშირი

მთავარი მოთხოვნა

უზენაესი საბჭოს, მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადადგომა.

სახელმწიფო ტელევიზიის დამოუკიდებლობა

გია ჭანტურიას გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ზვიად გამსახურდია

ლოზუნგები

მოვითხოვთ უზენაესი საბჭოს თვითლიკვიდაციას!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

თავისუფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს!

უნივერსიტეტი სამშვიდობო ზონაა

მუსიკა

ხელისუფლების მომხრე ქალებმა შეასრულეს სიმღერა “ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო”

შეძახილები

ოპოზიცია: ჩა უ შეს კუ!

ხელისუფლების მომხრეები: ზვი ა დი!

პროტესტის შედეგი

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

მნიშვნელოვანი რესურსები

1991 წლის 18 აგვისტოს დაიწყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც “აგვისტოს პუტჩის” სახელით შევიდა ისტორიაში. გერმანულიდან დამკვიდრებული ეს სიტყვა “პუტჩი” მცირე შეიარაღებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ნიშნავს. ამ დღეს საბჭოთა კავშირის (სსრკ) პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადაყენებულად გამოაცხადა ე.წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტმა – ГКЧП-მ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ-ს ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელები. მათ მიიღეს დადგენილება, დაშლილად გამოცხადდა ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურები, გასამხედროებული ფორმირებები, რომელთა არსებობა ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას. პუტჩის ორგანიზატორებმა მიხაილ გორბაჩოვის შემცვლელად დაასახელეს ГКЧП-ის თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, გენადი იანაევი.

მოსკოვსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ 1991 წლის 21 აგვისტოს მარცხით დასრულდა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. ამ პროტესტს რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი, ბორის ელცინი ხელმძღვანელობდა. მოსკოვში დაბრუნდა მიხაილ გორბაჩოვი.

ამ მოვლენებმა საქართველოშიც დიდი გავლენა მოახდინა. 19 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელიც ყაზბეგში იმყოფებოდა, სასწრაფოდ დაბრუნდა თბილისში და მოუწოდა მოქალაქეებს, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა. ისტორიკოს გიორგი არქანიას მიხედვით. 19 აგვისტოს თბილისში უკვე იმყოფებოდა სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ვლადიმერ შურავლიოვი, პარალელურად „ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის გარნიზონის ნაწილებმა კონტროლი დააწესეს თბილისის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა სამხედრო ბაზები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. შურავლიოვი შეხვდა გამსახურდიას და კატეგორიულად მოსთხოვა ეროვნული გვარდიის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა ჯარი ქართულ გვარდიას გაანადგურებდა“ 

1991 წლის 19 აგვისტოს ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას „შს სამინისტროს შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის მიხედვითაც გვარდია განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის ქვეგანაყოფი გახდა, გაუქმდა სარდლის თანამდებობა და ქვეგანაყოფი მინისტრის მოადგილეს დაუქვემდებარა. ფაქტობრივად, გვარდია გაუქმდა, მისი სარდალი თენგიზ კიტოვანი კი თანამდებობიდან გათავისუფლდა. ყოფილი სარდალი და ეროვნული გვარდიის დიდი ნაწილი არ დაემორჩილა პრეზიდენტს და გავიდა ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვაზე.

1991 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნული მოძრაობა ორ დაპირისპირებულ ბანაკად იყო გახლეჩილი. ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში და საქართველოს ეროვნული კონგრესი აირჩია. კონგრესში შემავალმა პარტიებმა ეროვნული გვარდიის რეორგანიზება ხელისუფლებას უკან დახევად ჩაუთვალეს.

საბოლოოდ, ГКЧП 22 აგვისტოს დამარცხდა. პუტჩი არ შედგა. დააპატიმრეს ყველა პუტჩისტი, თუმცა როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, „აგვისტოს სამ“ დღეში მომხდარმა მოვლენებმა მაინც გადამწყვეტი გავლენა იქონია საქართველოს ბედზე. პოლიტიკურ ბრძოლაში სწორედ ამ დროიდან გაჩნდა მძლავრი შეიარაღებული კომპონენტი „კიტოვანის გვარდიის“ სახით. გარდა ამისა, ოპოზიციაში გადავიდა 17 აგვისტოს თანამდებობიდან გათავისუფლებული პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება

1991 წლის 2 სექტემბერს კინოს სახლთან ზვიად გამსახურდიას ოპოზიციამ, ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით საინფორმაციო მიტინგი დაგეგმა. აქციის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა გადაკეტეს მოძრაობა რუსთაველის პროსპექტისა და ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით. 

მიტინგის ორგანიზატორები იდგნენ კინოს სახლის წინ კიბეებზე. ეჭირათ ტრანსპარანტები: “მოვითხოვთ უზენაესი საბჭოს თვითლიკვიდაციას”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “თავისუფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს”. შეიკრიბა 400-მდე ადამიანი.

როდესაც მომიტინგეებმა ხმის გამაძლიერებლის დადგმა გადაწყვიტეს, მათსა და მილიციის (იმდროინდელი პოლიცია) სპეციალური დანიშნულების რაზმს ე.წ. “ომონს” შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირება ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. ომონელების გამოჩენას მომიტინგეები შეხვდნენ შეძახილებით: ჩა უ შეს კუ!

ომონელებმა ხელკეტები დაუშინეს მომიტინგეებს. მათ პირველი შეტევა მოიგერიეს და დროებით უკან დაახევინეს. უკანდახეულებს მომიტინგეებმა “წყევლა-კრულვასა და გინებასთან ერთად ქვა და ღორღიც მიაყოლეს”. 

ორიოდე წუთის შემდეგ ომონელებმა ისევ შეუტიეს მომიტინგეებს. ისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიც.  ხალხი გაიფანტა, მაგრამ შორს არავინ წასულა. ომონელები კიბეებზე გამწკრივდნენ. მათ ხალხმა ისევ დაუშინა ქვები. ჯოხები. ამგვარ თავდასხმას ომონელებმა ისევ ცეცხლით უპასუხეს. საბოლოოდ ომონმა დატოვა მოედანი. 

ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა სამი მოქალაქე, ორი ფეხში, ერთი – გულმკერდის არეში. სხეულის მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო რამდენიმე კაცმა, მათ შორის იყვნენ ომონელებიც. მილიციის მუშაკებს, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ რუსთაველის პროსპექტი და ელბაქიძის დაღმართი, შეტაკებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

დარბევის მიუხედავად, მიტინგი მაინც ჩატარდა. ორატორებმა მოითხოვეს უზენაესი საბჭოს, მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადადგომა.  იყო უფრო რადიკალური მოთხოვნები. მიტინგის მონაწილენი – მათი რიცხვი უკვე რამდენიმე ათასს აღწევდა – ამგვარ მოთხოვნებს ტაშით შეხვდნენ. 

დაახლოებით საღამოს ცხრის ნახევრისთვის მომიტინგეები საქტელერადიოს დეპარტამენტისკენ (ასე ერქვა სახელმწიფო ტელევიზიას, დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი) გაემართნენ. ისინი მოითხოვდნენ მომხდარის შესახებ ტელევიზიით ინფორმაციის გადაცემას, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

სახელმწიფო ტელევიზია მთავრობის  სასარგებლოდ აშუქებდა ამბებს და ამბობდა, რომ თავად მომიტინგეები ძალადობდნენ, დაჭრილების შესახებ ინფორმაცია კი ტყუილი იყო. თუმცა ტელევიზიაში მუშაობდნენ თანამშრომლები, რომლებიც ხელისუფლებით ასევე უკმაყოფილონი იყვნენ. 

ტელევიზიის პოლიტიკური მიმომხილველის, ვალერი კვარაცხელიას, ცნობით, თანამშრომელთა ჯგუფმა მიმართა ტელევიზიის ხელმძღვანელობას და ითხოვდნენ, რომ “ეკრანზე და რადიოგადაცემებში აღარ ყოფილიყო ის ინფორმაციული და ანალიტიკური ვაკუუმი, რათა ხალხს ამა თუ იმ მოვლენის შესახებ მხოლოდ ოფიციალური ხელისუფლების აზრი ან ჭორები კი არ გაეგო, არამედ ოპოზიციის მოთხოვნებსაც გასცნობოდა”. ითხოვდნენ იმასაც, რომ ჟურნალისტები აღარ შეეზღუდათ. მიმართვას სამოცდაათზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

მიტინგი დაიშალა იმ იმედით, რომ მაუწყებელი “დემოკრატიული პრესის პრინციპებით” იხელმძღვანელებდა მომავალში. თუმცა, დანაპირები არ შესრულდა.  

როგორც ტელევიზიის იმდროინდელი ჟურნალისტი დოდო შონავა “რადიო თავისუფლებას” უყვება, “მოამბეში” გასული კრიტიკული სიუჟეტის გამო გამსახურდიას ხელისუფლებამ მაუწყებლობა ანძიდან გათიშა და თანამშრომელთა ნაწილი უზენაესი საბჭოს შენობაში გადავიდა, რის შემდეგაც ტელევიზია არა თავისი შენობიდან, არამედ უზენაესი საბჭოდან გადიოდა ეთერში.

გაშუქებით უკმაყოფილო მომიტინგეები ტელევიზიასთან აგრძელებდნენ აქციას და პიკეტირებული ჰქონდათ შესასვლელი. “თუ მოხდა ის, რომ ტელევიზია გაიხსნა, თუ მოიხსნა ბოლოსდაბოლოს ხელისუფლების დიქტატი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, ყველა პროცესი ამის შემდეგ წარიმართება მშვიდობიანად”, – მიმართავდა ტელევიზიის კიბეებთან შეკრებილებს ზურაბ ჟვანია, რომელიც იმ დროს პარტია “საქართველოს მწვანეების” ხელმძღვანელი იყო. 

ტელევიზია ორად გაიყო. 

ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა, მომიტინგეებს შეუერთდნენ და ტელევიზიის კიბეებზე დასხდნენ.

აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. 

მიტინგები, ბარიკადები, კარვები…

ოპოზიციის პარალელურად ხელისუფლებაც კრებდა თავის მხარდამჭერებს. 9 სექტემბრისთვის რუსთაველის პროსპექტი სამ ადგილზე იყო გადაკეტილი სამარშრუტო ავტობუსებით. მიტინგზე დასასწრებად რაიონებიდან ორგანიზებულად იყვნენ ჩამოყვანილნი მოქალაქეები და მილიციის რაზმები. მუშაობდა მძლავრი დინამიკები. შინაგან საქმეთა მინისტრმა დილარ ხაბულიანმა მიტინგზე, “საჯაროდ დაიფიცა, რომ ბრალი არ მიუძღვის ორი სექტემბრის მოვლენებში (როცა მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმელებმა ცეცხლი დაუშინეს მომიტინგეებს)”. ხაბულიანის თქმით, ეს იყო პროვოკაცია და დასძინა, რომ გამოძიების დამთავრების შემდეგ “ყველა დამნაშავეს კუთვნილი მიეზღვება”. ზვიად გამსახურდიამ კი გაუსვა ხაზი იმას, რომ “საქართველოში პოლიტიკურ დესტაბილიზაციას იწვევენ მტრული ძალები, რომლებიც მოსკოვიდან იმართებიან. მომიტინგეები ოვაციით შეხვდნენ პრეზიდენტის გამოსვლას…ხშირად გაისმოდა შეძახილები: “ზვი-ა-დი!” “ზვი-ა-დი!…”

იმავე დღეს რუსთაველის პროსპექტზე, თეატრალური ინსტიტუტის წინ, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივითაც გაიმართა მიტინგი. მისმა მონაწილეებმა დაგმეს ხელისუფლების მოქმედება და მოითხოვეს პრეზიდენტ გამსახურდიას გადადგომა, რადგან მას “დიქტატურისა და ტოტალიტარიზმისკენ” მიჰყავდა საქართველო. 

ამ აქციის მონაწილეთა აზრით, ორი სექტემბრის ტრაგედიის ინსპირატორი იყო  საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება, რისთვისაც ხალხის წინაშე პასუხი უნდა ეგო.

9 სექტემბერსვე რესპუბლიკის 5 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური ორგანიზაციების, აგრეთვე, საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანულ-დემოკრატიული ასოციაციის ინიციატივით  შეიქმნა “საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობის დროებითი კავშირი”.  მათი  განცხადებით, კავშირი მიზნად ისახავდა ბრძოლას საქართველოში დემოკრატიის დასამკვიდრებლად ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ამისთვის მიმართავდა მშვიდობიან აქციებს. 

9 სექტემბერს ზვიად გამსახურდიამ თენგიზ კიტოვანი დაადანაშაულა უკანონო ქმედებებში, რაც გამოიხატებოდა გვარდიის ნაწილების შავნაბადას ტერიტორიაზე შეკრებაში, რათა ისინი ჩაეთრია ანტისახელმწიფოებრივ პუტჩში. გვარდია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორგანიზაცია იყო, რომელიც 1990 წელს შეიქმნა.

პრეზიდენტი გამოცემული ბრძანებით მოუწოდებდა გვარდიის ოფიცრებს, დაეტოვებინათ შავნაბადა და დაბრუნებოდნენ ქალაქის ყაზარმებს. მაგრამ კიტოვანი, მედიის გათავისუფლების მოტივით, გვარდიელებთან ერთად ტელევიზიასთან მივიდა და შენობა დაიკავა. ტელევიზიის ალტერნატივა მან შავნაბადაზე შექმნა და იქიდან მაუწყებლობდა. 

9 სექტემბრის შემდეგ ზვიად გამსახურდიას მოწოდებით, ხელისუფლების მომხრეები მთავრობის სახლთან (ახლანდელი პარლამენტის შენობა) იკრიბებოდნენ, სადაც მისასვლელები ავტობუსებით და ბარიკადებით ჰქონდათ ჩახერგილი, ხოლო ოპოზიცია ტელევიზიის კიბეებთან და ქალაქის სხვა ადგილებში იდგა. 

10 სექტემბერს ყოფილი “იმელის” (ახლანდელი სასტუმრო “ბილტმორის” ფლიგელი) შენობასთან გაიმართა კიდევ ერთი ხალხმრავალი მიტინგი. მასში მონაწილეობდნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, ჯანსუღ ჩარკვიანი, ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია და სხვები.

რუსთაველზე, პირველ სკოლასთან მდებარე სკვერში გაიმართა მონარქისტების აქციაც. 

11 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საქართველოს მწვანეთა პარტიის ინიციატივით დაიწყო მჯდომარე გაფიცვა, რომელსაც ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციაში 80 ადამიანი მონაწილეობდა.  “შეკითხვაზე, თუ როდემდე გაგრძელდება გაფიცვა, აქციის მონაწილემ, პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მოიხმო “სურამის ციხიდან” ზურაბის და დედის დიალოგი: “შვილო, ზურაბ სადამდის?” – ვაიმე, დედა, გავთავდი” და დაამატა, სანამ არ გავთავდებით, მანამდისო…”

14 სექტემბერს კინოს სახლთან მიტინგი გამართეს კინოს და თეატრის მოღვაწეებმა. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ რობერტ სტურუა, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, რუსლან მიქაბერიძე, ნოდარ ნათაძე და სხვები. აქცია გაიმართა ტელერადიოდეპარტამენტის (სახელმწიფო ტელევიზიის) წინაც.

“ქართველ ქალთა მიტინგი” კი ხელისუფლების მხარდასაჭერად იმავე დღეს მთავრობის სახლის წინ ჩატარდა. ამის პარალელურად საქართველოს უზენაესი საბჭოს სესია დატოვა ორმოცდაერთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად. ხელისუფლების მხარდამჭერი ქალების ნაწილი სესიის მიმდინარეობას გარედან ადევნებდა თვალს. აქციის დასასრულს მათ შეასრულეს სიმღერა აკაკი წერეთლის ცნობილ ლექსზე მცირედი შესწორებით: ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო… 

16 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე და მთავრობის სახლთან თითქმის ერთდროულად გაიმართა ორი ხალხმრავალი მიტინგი. მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე გამოსულმა აკაკი ასათიანმა თქვა, რომ მსოფლიოს ქვეყნების მიერ საქართველოს რესპუბლიკის ცნობა-აღიარება სრულებითაც არ არის აუცილებელი, რადგან საზღვარგარეთმა ერთხელ (1918-21 წლებში) უკვე სცნო ჩვენი რესპუბლიკა. მისი თქმით, ახლა საჭიროა მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ შეკრებილებს მოუწოდა რევოლუციური კომიტეტის შექმნისკენ. 

რესპუბლიკის მოედანი კი ოპოზიციური მომიტინგეებით იყო სავსე. “შეკრებილთა რაოდენობა აშკარად აღემატებოდა ბატონი პრეზიდენტის მიერ დასახელებულ აგენტთა და მოღალატეთა რიცხვს. აღარაფერს ვამბობ “ხუთასიოდე გიჟზე” (ასე უწოდა ბატონმა პრეზიდენტმა უცხოელ კორესპონდენტებთან საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენლებს), – წერს გაზეთი “დრონი”.  რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ უნივერსიტეტის ეზოდან წამოსული სტუდენტი ახალგაზრდობის დროებითი კავშირისა და ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენლები, გიორგი მაისურაძისა და ვალერი ვაშაკიძის ხელმძღვანელობით.

რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი მიჰყავდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატს, ელდარ შენგელაიას. სიტყვებით გამოვიდნენ ნოდარ ნათაძე, ირაკლი წერეთელი, ლანა ღოღობერიძე, პაატა კოღუაშვილი, გიორგი მაისურაძე (სტუდენტთა სახელით), გიორგი ჭანტურია და სხვები. 

16 სექტემბერს მოსკოვისკენ მიმავალი ედეპეს ლიდერი გია ჭანტურია გადმოსვეს თვითმფრინავიდან და დააპატიმრეს. ამას მოჰყვა სხვა დაპატიმრებები, მათ შორის დააკავეს პოპულარული ტელეჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია.

ორი დღის შემდეგ, 18 სექტემბერს მთავრობის სასახლესთან კვლავ გაიმართა ხელისუფლების მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი. მუხრან მაჭავარიანმა როგორც საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხარეს დღეს დგას მხოლოდ რამდენიმე განაწყენებული საბჭოთა ინტელიგენტი. რომ ოპოზიციას არ სურს კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ისინი ჯიუტად მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას. 

როგორც პრესა წერდა, “თბილისში ახლა ზოგან ბარიკადებია, ზოგან კარვები და დასაკეცი საწოლები, ზოგან მხოლოდ რადიკალური ლოზუნგები”. მიუხედავად ამისა, ცეკვავდნენ და მღეროდნენ მიტინგებისას. 

მართალია ოპოზიციამ ტელე-რადიო დეპარტამენტის შენობა დაიკავა, მაგრამ მათი ხმა ეთერიდან მაინც არ ისმოდა, რადგან ანძას და შესაბამისად ტელევიზიას ისევ ხელისუფლება აკონტროლებდა. 

“სწორედ “ინფორმაციული შიმშილის” ბრალია, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უკრიტიკოდ, ერთმნიშვნელოვნად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ რადიო-ტელევიზიით გადაცემულ მოწოდებებს “ყველანი პრეზიდენტისა და პარლამენტის დასაცავად!” და ენთუზიაზმით მოეშურება დედაქალაქისაკენ პრეზიდენტის მხარდასაჭერად (მათ შორის შეიარაღებულებიც)”, – წედა პრესა.

19 სექტემბერს ექიმმა გია აბესაძემ რუსთაველის გამზირზე ოფიცერთა სახლის წინ თავი დაიწვა და ხალხს შორის დაპირისპირება ასე გააპროტესტა. “თუ ქართველთა შერიგებას, საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო, ღმერთმა ჰქნას, ბოლო”, – ეწერა მის მიერ ბარიკადებზე დატოვებულ წერილში. ის 48 საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

შეტაკებები თბილისის ომამდე

ოპოზიცია პრეზიდენტს ქალაქსა და სოფელს შორის დაპირისპირებაში ადანაშაულებდა. თავად ზვიად გამსახურდია კი ოპოზიციონერებს “პუტჩისტებს” ეძახდა. დაპირისპირება უფრო გამწვავდა 21 სექტემბერს, ჯერ დღისით მთავრობის სასახლის წინა ტერიტორიიდან მილიციამ გააძევა ორმოცამდე მოშიმშილე, რომლებიც ედპ-ს ლიდერის, გიორგი ჭანტურიას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.  უფრო გვიან კი, დაახლოებით ღამის სამ საათზე დაიწყეს ეროვნული დამოუკიდებლობისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების ბარიკადების აღება. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და მასში მხოლოდ სამოქალაქო პირები მონაწილეობდნენ. თუმცა იქ მომხდარი შეტაკებების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა ორმოცამდე ადამიანი. ხელისუფლებაც და მომიტინგეებიც ერთმანეთს ადანაშაულებდნენ პირველად ქვების სროლისა და ჩხუბის დაწყებაში. 

ჭანტურიასა და წერეთლის მომხრეების რუსთაველის პროსპექტიდან გაძევების შემდეგ რუსთაველზე ხელისუფლების მხარდამჭერები ისხდნენ.  ქუჩებში დარჩა ხელისუფლების  ბარიკადები – ავტობუსებითა და მძიმე სატვირთო ავტომანქანებით მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია სამ ადგილას იყო გადაკეტილი.  იქ მიმდინარე მთავრობის მხარდამჭერთა მიტინგი არ წყდებოდა. “გამომსვლელს გამომსვლელი, მხიარული შეძახილები, ლექსი და სიმღერა ცვლის. ამასაც მოვესწარით, ქართველი ქართველზე (თუნდაც პრეზიდენტის მოწინააღმდეგეზე) გამარჯვებას ზეიმობს”, – წერდა გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი” 24 სექტემბრის ნომერში.

ხელისუფლების წარმომადგენელთა და ოპოზიციონერთა შორის რაიმე შეთანხმების მიღწევა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. გაიყვნენ სტუდენტებიც. ნაწილი მთავრობის მხარდამჭერ მიტინგებს უერთდებოდა, ნაწილი კი უნივერსიტეტთან რჩებოდა. “უნივერსიტეტი სამშვიდობო ზონაა” – ეწერათ შეკრებილებს. ამბობდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად.

23 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა ეროვნული გვარდიის ის ნაწილი, რომელიც ოპოზიციონერ თენგიზ კიტოვანს ექვემდებარეობდა. პრეზიდენტმა მოუწოდა შეიარაღებულ ოპოზიციას იარაღის დაყრისკენ და დაპირდა ხელშეუხებლობას. 

24 სექტემბერს ეროვნული უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით თბილისში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. შეჩერდა უზენაესი საბჭოს მუშაობა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად პოლკოვნიკი ჯემალ ქუთათელაძე დაინიშნა, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. გამსახურდიამ განაცხადა, რომ თბილისში გააქტიურდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც სჩადიოდნენ მრავალ უკანონობას და ხელისუფლების დამხობას ისახავდნენ მიზნად. პრეზიდენტის თქმით, თუ მათთან კავშირში მყოფი პარლამენტის დეპუტატები არ გაემიჯნებოდნენ, ის დაითხოვდა პარლამენტს და შემოიღებდა საპრეზიდენტო მმართველობას.

25 სექტემბერს გვარდიასა და ომონელებს (მილიცია) შორის შეტაკება მოხდა დიდუბეში, ვანის ქუჩაზე მდებარე ელექტრო-გამანაწილებელი კომპანია  “თელასის” ოფისთან. თუ რატომ გახსნეს ცეცხლი, ამაზეც ორი ვერსია არსებობს – შსს-ს წარმომადგენლის, ვალერი ჩხეიძის ცნობით, “მთვრალი” გვარდიელები თავს დაესხნენ “თელასის” ოფისს და შეიჭრნენ შიგნით. ოპოზიციის “მოიერიშე” ოცამდე ადამიანმა, რომელსაც ბადრი მახარაძე ხელმძღვანელობდა, ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა შსს-ს ორი წარმომადგენელი და გვარდიელთა ორი წევრი. მძიმედ დაიჭრა ორი მილიციელი (პოლიციელი) და ერთი გვარდიელი.  განსხვავებული ვერსია გაავრცელა გვარდიის პრესცენტრმა. მათი ინფორმაციით, გვარდიის ოზურგეთის ბატალიონის მეთაური ზურაბ აფხაზავა კუჭის წყლულის გამო ოჯახის წევრებთან ერთად გვარდიის მანქანას საავადმყოფოში გადაჰყავდა, როდესაც “თელასის” ოფისთან ზუგდიდის ბატალიონის “ომონის” მანქანა შენიშნეს, რის შესახებაც თანამებრძოლებს აცნობა. დასახმარებლად ხუთი გვარდიელი გამოემართა. ამასობაში ომონმა, რომელმაც დაატყვევა აფხაზავა და მისი ცოლი, ცეცხლი გახსნა. გვარდიელებმაც გახსნეს ცეცხლი. ამასობაში დასახმარებლად მივიდნენ როგორც გვარდიელები, ასევე მილიციელები. მათი ცნობით, მხოლოდ ერთი გვარდიელი გარდაიცვალა და ერთიც დაჭრილი იყო. 

“ბობოქრობს მიტინგები მთავრობის სასახლის წინ. ტელე-რადიოდეპარტამენტის შენობასთან, მერაბ კოსტავას ეზოში, ფილარმონიასთან. მოკლედ, მიმდინარეობს დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც, არავინ იცის, რით დამთავრდება”, – გვამცნობდა  27 სექტემბერს გაზეთი “დრონი”. 

29 სექტემბრის ღამით ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანად საბურთალო აფეთქების ხმამ შეძრა. რასაც მოჰყვა სროლა, რომელიც დილამდე არ შეწყვეტილა. ზვიად გამსახურდიას ცნობით, აფეთქებაზე პასუხისმგებლები “პუტჩისტები” იყვნენ. მისივე თქმით, ცირკის შენობიდან ზარბაზნები ესროლეს კვების მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შენობა კოსტავას დაღმართზე). ოპოზიციის წარმომადგენელი, თენგიზ კიტოვანი კი ამბობდა, რომ იმ ღამით მათ მეორე არხის ეთერში გასვლა მოახერხეს, რა დროსაც სტრინგერის ტიპის ორი რაკეტა ესროლეს, ხოლო ოპოზიციამ ამის მერე გახსნა საპასუხო ცეცხლი.

სტივენ ჯონსი თავის წიგნში “საქართველო პოლიგიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ”  ასე აღწერს 1991 წლის 2 სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდს:

“თბილისი ფიზიკურად იყო გაყოფილი. ოპოზიცია გამაგრებული იყო ფილარმონიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტსა და ტელევიზიის სტუდიებში. მხედრიონს ჭადრაკის სასახლეში ჰქონდა მოწყობილი თავისი შტაბ-ბინა. გამსახურდიას ძალები აკონტროლებდნენ მთავრობის სასახლეს და რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვა სამინისტროების შენობებს. მიმდებარე რაიონებში ვაკესა და ვერაზე უპირატესად დომინირებდა „წითელი ინტელიგენცია“ და „ოქროს ახალგაზრდობა“, რომლებსაც ასე ვერ იტანდა გამსახურდია. იმართებოდა მიტინგები, იქმნებოდა ბლოკპოსტები, ღამღამობით მიმდინარეობდა პიკეტირება კოცონების გარშემო, რასაც თან ერთოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნილი ცეცხლი. მუშებით დასახლებული შედარებით არაპრესტიჟული რაიონები: გლდანი, ნაძალადევი და დიდუბე გამსახურდიას უჭერდა მხარს”

სამხედრო კონფლიქტის ესკალაციამ დრამატული სახე მიიღო დეკემბერში, როცა ორივე მხარემ მოიპოვა იარაღი საბჭოთა შეიარაღებული ძალებისაგან.

სამოქალაქო ომის დასაწყისი

2 სექტემბრიდან მიმდინარე მოვლენები შეფასდა, როგორც პუტჩი, ამ მოვლენათა ლიდერებს კი – პუტჩისტები უწოდეს. სამთავრობო შენაერთებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებები პერმანენტული გახდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვებოდა ხოლმე. ყველა შემთხვევაში ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდა ორივე მხარე. ასე მივიდა თბილისი 20 დეკემბრამდე – იმ დღეს, როდესაც ზვიად გამსახურდიას მომხრეები მთავრობის სახლთან (დღევანდელი პარლამენტის შენობა) იმყოფებოდნენ, ოპოზიციამ საკუთარი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეკრიბა, მათ მიმართა თენგიზ სიგუამ, რომელიც თბილისის ზღვას აფარებდა თავს და ამ მიტინგისთვის ჩამოვიდა. “მე არ მოგიწოდებთ, რომ წახვიდეთ მთავრობის სახლისკენ, სადაც პრეზიდენტის მომხრეთა მიტინგი მიმდინარეობს, მაგრამ თუ ვინმეს სურს, ეს მისი ნებაა”, – უთხრა მომიტინგეებს მან. ისინიც რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ, რომელიც თვითმცლელებით იყო გადაკეტილი. 

გაზეთი “დრონი” დეტალურად აღწერს იმ ღამის ამბებს. ამ სტატიის მიხედვით, ოპოზიციამ ხმის გამაძლიერებლიანი მანქანა მიიყვანა და თავისი მიტინგი ქაშვეთთან დაიწყო.  ბარიკადების აქეთ-იქიდან ორივე მხარის მომიტინგეთა ხმები ისმოდა. ოპოზიციამ მოიყვანა მძიმეწონიანი მანქანა “კრაზი” და ბარიკადების გათრევა დაიწყო იმ მიზნით, რომ ორივე მხარე შეერთებულიყო. საღამოს ოპოზიციასთან მივიდა რომან გვენცაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და აქტიური კონფრონტაციის შეწყვეტა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა. იმ საღამოს ხალხი დაიშალა.

გვენცაძის დაპირებას შედეგი არ მოჰყოლია და მეორე დღეს, 21 დეკემბერს, ხალხი კვლავ შეიკრიბა. ორივე მიტინგი ისევ დაიწყო. ოპოზიციამ განაგრძო ბარიკადების გათრევა, რასაც ხელისუფლების მხარდამჭერთა მიტინგის წამყვანის შეძახილი მოჰყვა, რომ ამ ქმედებას “გაუთვალისწინებელი შედეგები და სისხლისღვრა მოჰყვება”. ოპოზიცია კი იმეორებდა, რომ ბარიკადებს დაშლიდნენ და ხალხი გაერთიანდებოდა. ამასობაში ბოლო ბარიკადიც გაათრიეს და ხალხი ერთმანეთში აირია. “ცოტა იკამათეს, ბევრი ისაუბრეს და რაკიღა დაღამდა და აცივდა, დაიშალნენ”. რუსთაველზე დარჩა თენგიზ სიგუა. აქა-იქ კოცონი იყო დანთებული. 

როგორც “დრონის” კორესპონდენტი სოსო სიმონიშვილი აღწერს, დილის 5 საათამდე ისაუბრეს, შემდეგ კი წავიდა იქვე მდგარ თავის “ჟიგულში” დასაძინებლად. მალე საშინელმა სროლამ გააღვიძა, დაჭრილების ღრიალი ისმოდა. “ისროდნენ მხატვრის სახლიდან  და სასახლის მხრიდან”, იგულისხმება დღევანდელი პარლამენტის შენობა და მის პირდაპირ მდგარი სახვითი ხელოვნების მუზეუმის შენობა, რომლის ფასადზე ახლა არწივის ფიგურაა გამოსახული. “არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს გაშმაგებული სროლა, ნახევარ საათს ან უფრო მეტს. სროლა შეჩერდა. ჩანს, ხელისუფლების “დამცველებსაც” ებრძანათ ცეცხლის შეწყვეტა, რათა გვამები და დაჭრილები იქაურობას გაერიდებინათ”, – წერს “დრონი”. 

შუა დღისთვის თბილისის ზღვაზე დაბანაკებული გვარდია ჩამოვიდა. “მხატვრის სახლთან ქვემეხი გამართეს, სასტუმრო “თბილისთან” (დღევანდელი “თბილისი მარიოტი”) დიდი მანქანები ჩააყენეს, – აქ გაევლო ფრონტის ხაზი. თვით სასტუმროში გვარდიის შტაბმა დაიდო ბინა. მთავრობის სასახლეს სასწავლო ჭურვები დაუშინეს. მთელი რუსთაველი გამოითოფა…”

1991 წლის 22 დეკემბერს ასე იწყება სამოქალაქო ომი, რომელიც 1993 წლის 6 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

Media

სამხედრო ტექნიკა ტელევიზიასთან

სამხედრო ტექნიკა ტელევიზიასთან

ფოტო: ნაზი გაბაიძე. წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მიტინგის მონაწილეები. 1991 წელი

მიტინგის მონაწილეები. 1991 წელი

ავტორი: ჯემალ კასრაძე. წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საუბრები მიტინგისას. 1991 წელი

საუბრები მიტინგისას. 1991 წელი

ავტორი: ჯემალ კასრაძე. წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ბავშვი ჩახერგილ რუსთაველზე. 1991 წელი

ბავშვი ჩახერგილ რუსთაველზე. 1991 წელი

ფოტო: ნაზი გაბაიძე. წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მიტინგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისთან

მიტინგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისთან

ფოტო: ნაზი გაბაიძე. წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მიტინგი ფილარმონიასთან. 1991 წელი

მიტინგი ფილარმონიასთან. 1991 წელი

ფოტო: ნაზი გაბაიძე. წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ბავშვი ბარიკადებთან

ბავშვი ბარიკადებთან

ფოტო: ნაზი გაბაიძე. წყარო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელის" პირველი გვერდი

გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელის" პირველი გვერდი

14 სექტემბერი. 1991 წელი