2002 წლის 19 იანვარს მოსახლეობა ენგურის ხიდთან შეიკრიბა და აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა მოითხოვა. ამავე მოთხოვნით 21 იანვარს თბილისში სახელმწიფო კანცელარიის წინაც დაიწყეს საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს აფხაზეთში გადასასვლელი თითქმის ყველა ხიდი და გზა. ისინი უარს ამბობენ გაატარონ სამშვიდობო ძალებისა და გაეროს დამკვირვებლების კუთვნილი ტრანსპორტი. აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით აქცია 2001 წლის ოქტომბერშიც გაიმართა. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე პროტესტის მონაწილეებს ამ მოთხოვნის შესრულებას დაჰპირდა, პარლამენტმა რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე დადგენილებაც მიღო, თუმცა 30 ნოემბერს შევარდნაძემ მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, უეცრად შეიცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ იგი რუსი სამშვიდობოების აფხაზეთიდან გასვლის დაჩქარებას არ ემხრობა. მომიტინგეთა მოთხოვნებს იზიარებდნენ ხელისუფლებაშიც, თუმცა როგორც საქართველოს უშიშროების მინისტრმა 21 იანვარს განაცხადა, “ეს არის პრობლემა, რომელიც ერთ ან ორ დღეში ვერ გადაწყდება და მას წლები სჭირდება”. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს შეემატა პროტესტი კოდორის ხეობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალების გამოყვანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც.
28 იანვარს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ენგურის ხიდთან გამართული აქციის მონაწილეებმა წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს, რის შემდეგაც ისინი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებდნენ.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი შევარდნაძე 4 თებერვალს რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის 2002 წლის 30 ივნისამდე გაგრძელებას დათანხმდა. აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით აქციები კვლავ პერმანენტულად იმართებოდა. 2003 წლის 7 იანვარს, დევნილთა ერთი ნაწილი შობის დღესასწაულს ენგურის ხიდთან შეხვდა და კვლავ მოითხოვა აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გასვლა, თუმცა აქციები უშედეგო აღმოჩნდა.