2002 წლის 24 იანვარს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების “სოლიდარობის” თავმჯდომარის მანანა ღურჭუმელიძის ინიციატივით, პედაგოგების შიმშილობა ქუთაისში დაიწყო. აქციას დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებიც შეუერთდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო განათლების მუშაკთა მინიმალური ხელფასის გაზრდა სამომხმარებლო კალათის ოდენობამდე, რადგან, მათი აზრით, 2002 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული 30 პროცენტით ხელფასების ზრდა ვერაფრით შეცვლიდა პედაგოგთა სოციალურ მდგომარეობას.
პედაგოგების შიმშილობა ქუთაისში გრძელდებოდა, თუმცა პროტესტის საკმაოდ მძიმე ფორმის მიუხედავად, მოშიმშილე მასწავლებლებმა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება ვერ მიიპყრეს. იმერეთისა და ქუთაისის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ აქცია პოლიტიზებულია და მის უკან დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი დგას.
პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის მხარეში თემურ შაშიაშვილმაც აღნიშნა, რომ აქცია პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მასწავლებლები ამჯერად სავაჭრო ობიექტად გამოიყენეს.
თავად მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს შეხვდა მოშიმშილე მასწავლებლებს და დაარწმუნა, რომ შეეწყვიტათ შიმშილობა. მან იქვე განაცხადა: “სადაც ადამიანები არიან, იქ აქციები არის პოლიტიკური, რადგან არაპოლიტიკური აქციები მხოლოდ ზოოპარკში ტარდება”.
“პედაგოგების მოთხოვნა არც პარლამენტმა შეისმინა, მაგრამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მანანა ღურჭუმელიძე მიზანს მიღწეულად თვლის და აცხადებს: “მე ამით საზოგადოებას დავანახე, რომ პროტესტისა და ხმის ამოღების გზით, რაღაცის მიღწევა მაინც შესაძლებელია”, – წერს გაზეთი “ახალი ვერსია”.