2000 წლის 24 მაისს კოოპერატიული ბინათმშენებლობის უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრებმა ფინანსთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობდნენ, რომ წლევანდელი წლის ბიუჯეტის სეკვესტრში კოოპერატიული ბინათმშენებლობის ვალიც მოჰყვება, ამიტომ სურდათ ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრთან, ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრა, პრობლემების ახსნა, რომ იქნებ სეკვესტრი ამ თანხას არ შეხებოდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ასოციაციის პრეზიდენტი და კოოპერატივის რამდენიმე წევრი, მინისტრის ნაცვლად, შიდა ვალების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მალხაზ ბერბერაშვილმა მიიღო. ფინანსთა მინისტრმა ბერბერაშვილის პირით შეუთვალა აქციის მონაწილეებს, რომ კარგად არ იცნობს მათ პრობლემებს, ამიტომ იმ დღეს ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ უპასუხებდა. დაჰპირდა, რომ გაეცნობოდა ამ საკითხს და ორი დღის შემდეგ შეხვდებოდა.
პრობლემა არ მოგვარდა. ასოციაციის წევრები 2000 წლის ივნისშიც შეიკრიბნენ. როგორც გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს, ტრადიციული მსვლელობის მარშრუტი ასეთი იყო: კანცელარია-პარლამენტი-ფინანსთა სამინისტრო. მათ ტრანსპარანტებზე იკითხებოდა: “დაგვიბრუნეთ ჩვენ მიერ ბინების მშენებლობისთვის შეტანილი ფული!” “ხელისუფლებავ, გეშინოდეს ხალხის რისხვის”.