2000 წლის 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ელექტროენერგიის გადასახადი 12 თეთრამდე გაიზრდებოდა. “მოძრაობა სიცოცხლისთვის” თავმჯდომარემ, 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯუმბერ პატიაშვილის შტაბის უფროსმა გიორგი ყორღანაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. გარდა ამისა, იგი უარყოფითად აფასებდა საქართველოში შექმნილ დღევანდელ ვითარებას და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას ითხოვდა. ყორღანაშვილის შიმშილობა 12 დღეს გაგრძელდა, რამაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. ამასთან, პრესკონფერენცია ჰქონდა დანიშნული, რომელიც მედიის უინტერესობის გამო ჩაიშალა. “მივხვდი, რომ არანაირი აზრი არ აქვს პროტესტს, მით უმეტეს ამ ფორმით. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ შიმშილობა შევწყვიტო”, – თქვა მან. 27 მაისს გიორგი ყორღანაშვილის შიმშილობა უშედეგოდ დასრულდა.