1998 წლის 29 სექტემბერს ბორჯომ-ქალაქის დღესასწაულის შემდეგ, რომელიც ცენტრიდან ჩასული სტუმრების ნადიმით აღინიშნა, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს – საღამოს 7 საათზე სატვირთო მანქანებით გადაკეტეს ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები. ბორჯომელების პროტესტი უშუქობის გამო დაიწყო. ქალაქს გრაფიკითაც კი აღარ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ადგილობრივები პრობლემის გამწვავებას უკავშირებდნენ რჩეულიშვილის მიერ ჩითახევჰესის ყიდვას. ბორჯომელების თქმით, რჩეულიშვილს მათთვის ულტიმატუმიც წაუყენებია – “მომცემთ ხმებს, მოგცემთ შუქს”, – წერს გაზეთი “დრონი”.
გზების გადაკეტვამ მანქანების დიდი საცობი გამოიწვია, რასაც მძღოლების აღშფოთება მოჰყვა. ბორჯომში შუქი საღამოს 10 საათისთვის ჩართეს. გაზეთის ცნობით, “ქალაქის გაჩირაღდნებას აქციონერები” სტვენით, უნებლიე თანააქციონერები კი მანქანების გამაყრუებელი სიგნალებით შეხვდნენ”. მოძრაობა აღდგა.