EN

საქტრანსპროექტის თანამშრომლების შიმშილობა

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1998 წლის 9-13 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

შიმშილობა, აქცია

ორგანიზატორი

საქტრანსპროექტის თანამშრომლები

მთავარი მოთხოვნა

კონკურსის შედეგების გაუქმება

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

პროტესტის შედეგი

შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელსაც კონკურსის კანონიერების საკითხი უნდა შეესწავლა.

1998 წლის 13 ნოემბერს სააქციო საზოგადოება “საქტრანსპროექტის” ათმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. რამდენიმე დღის შემდეგ მათ კიდევ 5 ადამიანი შეუერთდათ. 

1993 წელს, როგორც სხვა ორგანიზაციებს, “საქტრანსპროექტსაც” პრივატიზაცია შეეხო. ქონების მართვის სამინისტრომ თანამშრომლებისთვის აქციების 8% შეღავათიან ფასში გამოყო, ხოლო 4% – უფასოდ.  გარდა ამისა, სახელმწიფო მეთაურის ბრძანებით “საქტრნასპროექტმა” 50.23%-იანი აქციათა პაკეტის პირდაპირი შესყიდვის უფლება მიიღო. 407-მა აქციონერმა თანამშრომელმა თანხის დაფარვა დაიწყო. ნაწილი უკვე გადახდილი ჰქონდათ, როდესაც 1995 წელს სახელმწიფო მეთაურმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის საფუძველზეც შეჩერდა შენობის პრივატიზაციის პროცესი, 1998 წელს გამოცემული ახალი განკარგულებით კი ეს პროცესი ისევ განახლდა. 

“საქტრანსპროექტის” თანამშრომლებს, რომლებიც აქციონერები იყვნენ, ქონების მართვის სამინისტროში ჰპირდებოდნენ, რომ მაქსიმუმ ორ თვეში შენობა მათ საკუთრებაში გადავიდოდა. დაპირებიდან ერთ კვირაში სამინისტრომ აქციონერებისგან ფარულად გამოაცხადა კომერციული კონკურსი, რომელიც 1998 წლის 8 ივლისს გაიმართა. მასში მხოლოდ ერთი იურიდიული პირი – “თბილკომბანკი” მონაწილეობდა. მისმა შვილობილმა შპს  AMFinancial Group-მა “საქტრანსპროექტის” აქციათა პაკეტების 75% შეიძინა 200,300 აშშ დოლარად. ამის შესახებ კომპანიის თანამშრომლებმა 12 ივლისს გაიგეს. ფარული კონკურსით აღშფოთებულებმა პრეზიდენტს მიმართეს. ედუარდ შევარდნაძეს მოსთხოვეს გაეუქმებინა კონკურსის შედეგები და მათთვის მიეცა უფლება, აქციების შესყიდვა დადგენილი წესით გაეგრძელებინათ. თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ მხოლოდ “საქტრანსპროექტს” შეეძლო ისეთი კომპლექსური პროექტების მომზადება, როგორიც იყო აბრეშუმის გზის მშენებლობა, “ტრასეკა”-ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი და სხვა პროექტები, რომელთა განხორციელებაზე იმ დროს ბევრს საუბრობდნენ.

სწორედ ამ საკითხისადმი ყურადღების მისაპყრობად დაიწყეს საპროტესტო აქციაც, თუმცა 4 დღის განმავლობაში მათი პროტესტის მიმართ ინტერესი არავინ გამოიჩინა. 13 ნოემბერს კი, როდესაც შიმშილობა დაიწყეს, “საქტრანსპროექტისა” და “თბილკომბანკის” წარმომადგენლები შეხვდნენ ქონების მართვის მინისტრს მიხეილ უკლებას. სამივე მხარის მონაწილეობით შეიქმნა ერთობლივი კომისია, რომელსაც კონკურსის კანონიერების საკითხი უნდა შეესწავლა.

მოშიმშილეები 25 ნოემბრამდე ელოდებოდნენ პასუხს, თუმცა მათ სასარგებლოდ საკითხის მოგვარების იმედი არ ჰქონდათ. როგორ დასრულდა “საქტრანსპროექტის” თანამშრომლების შიმშილობა იმდროინდელ პრესაში აღარ ჩანს.

Media

"საქტრანსპროექტის" მოშიმშილე თანამშრომლები

"საქტრანსპროექტის" მოშიმშილე თანამშრომლები

ფოტო: გაზეთი "7 დღე", 1998 წელი