1998 წლის 10 ნოემბერს “თავისუფლების ინსტიტუტმა” აქცია-პერფორმანსი გამართა და ამ ფორმით გააპროტესტა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება (N2/80-9) საქმეზე “ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. მომჩივანი იყო მოსამართლე, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ასაჩივრებდა. მისი საჩივარი დააკმაყოფილა მოსამართლეთა კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით: გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი და ზაურ ჯინჯოლავა.
თავისუფლების ინსტიტუტი მიიჩნევდა, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოში მართლმსაჯულება გარდაიცვალა. ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტთან მიიტანეს შავი კუბო წარწერით “მართლმსაჯულება”. გადაიცვეს ტილოს მანტიები და პარლამენტიდან კუბო საკონსტიტუციო სასამართლოსკენ სასტვენების ხმის ფონზე გადაასვენეს. “ძირს კანონს ამოფარებული უსამართლობა!”, “კონსტიტუცია მოსამართლეებზე მაღლა დგას!”, “ვგმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას!” “რევანშს არ დავუშვებთ!” “ბოლო მოეღოს კორუფციას სასამართლოებში” – ეწერა ტრანსპარანტებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან მისულები ყვიროდნენ “გა-და-დე-ქით!”. ისინი საქმის განმხილველი მოსამართლეების გადადგომას ითხოვდნენ. “ჩვენ იმ სამი მოსამართლის წინააღმდეგი ვართ, რომლებმაც სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებმაც დასაწყისშივე შეაჩერეს რეფორმა. სწორედ ამ რეფორმების წყალობით უფრო კარგად გვიყურებდნენ დასავლეთში; დაწყებული რეფორმები დემოკრატიული სახელმწიფოს იერს აძლევს საქართველოს”, – უთხრა გაზეთ “7 დღეს” აქციის მონაწილე ფრიდონ საყვარელიძემ, კონსტიტუციის დაცვის ლიგის წარმომადგენელმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილმა “თავისუფლების ინსტიტუტის” ორი წარმომადგენელი გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი კაბინეტში მიიწვია. იქიდან გამოსულებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. აქცია დაიშალა.