1996 წელს დაიწვა ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე სასტუმრო “აფხაზეთი”, რომელშიც შესახლებულები იყვნენ სამხრეთ ოსეთიდან დევნილები. მაშინ მათ “სამაჩაბლოდან ლტოლვილებად” მოიხსენიებდნენ. მათ 1996 წლის 7 მაისს დევნილებმა დამწვარ სასტუმროსთან გამართეს მჯდომარე აქცია “სამაჩაბლოც საქართველოა”. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, საქართველოს ხელისუფლებას ოსურ მხარესთან შეეწყვიტა მოლაპარაკებები, რომელსაც რუსეთის დახმარებით აწარმოებდა.
აქციის მონაწილეებს მიაჩნდათ, რომ არსებული ხელშეკრულების პროექტი, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ნულოვანი ვარიანტიდან იწყებს, მათთვის მიუღებელია. მათი აზრით, ეს ნიშნავდა იმას, რომ სამაჩაბლოში დაბრუნებული ქართველობა (თუ ეს საერთოდ მოხდებოდა) უფრო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ვიდრე მანამდე იყო, რადგან ამ რეგიონის მატერიალური სიმდიდრე ოსური მხარის ხელში იყო, ხოლო იქ დაბრუნებული ქართველები მათი მოსამსახურე პერსონალი გახდებოდა.
გაზეთი “თავისუფალი საქართველო” წერს, რომ აქციის მონაწილეებს სოციალური მოთხოვნებიც ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ სასტუმროს დაწვა დივერსიული აქტი იყო, რომლის გამოძიებაც ხელოვნურად ჭიანურდება. ხანძრის გამო დაზარალებულნი სოციალურად სრულიად დაუცველნი იყვნენ, არ გააჩნდათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, საარსებო წყარო და, როგორც გაზეთი წერს, “არა აქვთ თვით საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების საშუალება, ამის გამო ისინი საქართველოს მოქალაქეებად აღარ ითვლებიან”.