EN

პროტესტი უშუქობის გამო

left arrow

1996

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1996 წლის 13 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის მიზეზი

მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

პროტესტის ფორმები

აქცია, პიკეტი

ორგანიზატორი

აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ მაცხოვრებლები

მთავარი მოთხოვნა

აღდგეს ელექტროენერგია

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

1996 წლის 13 მარტს ელექტროენერგიის არქონის გამო შეწუხებული “მეფისუბნელები”  რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ (დღევანდელი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი) შეიკრიბნენ. როგორც გაზეთი “დრონი” წერს, აქციაზე იმაზე ნაკლები ხალხი მივიდა, ვიდრე ელოდნენ, რადგან  “გაიგეს რა “სადაც ჯერ არს”, რომ მოსახლეობა გამოსვლას აპირებდა, დენი ჩართეს… ელექტროენერგიას მონატრებულმა ქალებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს, რეცხვასა და უთოობას მიჰყვეს ხელი, ვისღა ახსოვდა ქუჩაში გასვლა”. უშუქობის გამო აქციაზე გასულები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი დაშლის შემთხვევაში ელექტროენერგია ისევე მალე “წავიდოდა”, როგორც “მოვიდა”.

გაზეთი “დრონი” იმასაც შენიშნავს, რომ აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ქუჩებს თითქმის ორი კვირაა ფაქტობრივად არ ჰქონია ელექტროენერგია, თუმცა ეს პრობლემა არ ჰქონიათ კარგარეთელის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მინისტრის დედა ცხოვრობს. სტატიიდან ირკვევა, რომ  მე-13 ფიდერზე, საიდანაც პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი იღებდა შუქს, გადართეს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამის გამო ელექტროენერგიის ხარჯვა გაიზარდა და ლიმიტით გამოყოფილი ელექტროენერგია სულ რაღაც 1-2 საათით ჰყოფნით. “გარდა ამისა, დატვირთვის გამო დასკდა კაბელებიც”. 

აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს, რკინის საწოლებითა და ქვებით ჩახერგეს ქუჩა. შეიქმნა ალიაქოთი, რომელიც დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. გამვლელები გზის გახსნას მოითხოვდნენ და ეუბნებოდნენ “ჩვენ რაღას გვერჩით, ჩვენც არ გვაქვს დენიო”. ადგილზე მივიდნენ რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, “ოქროს გორებსა და კარგ ცხოვრებას” შეჰპირდნენ გაფიცულებს და ისინიც წყნარად დაიშალნენ”, – წერს გაზეთი დრონი. 

Media

უშუქობის გამო აქციები

უშუქობის გამო აქციები

წყარო: გაზეთი "დრონი", 1996 წელი