1996 წლის 5 მარტს მთავრობის სახლის წინ 80-მდე ადამიანი შეიკრიბა, “ზვიადის პარტიისა” და სხვა ოპოზიციური გაერთიანებების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და კერძო საკუთრებაში მყოფი მიწების” კანონპროექტის მიღებას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ შემოთავაზებული ფორმით კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ ქართულ და ინგლისურ ენაზე ბანერები “შეაჩერეთ საქართველოს გაყიდვა”.
მალევე შეკრებილებს პოლიციამ დაშლა მოსთხოვა. 40 წუთის შემდეგ აქციის ორგანიზატორები წავიდნენ. რის შემდეგაც გამოჩნდა სპეცდანიშნულების ფურგონი, რომელიც შორიახლოს გაჩერდა. მომიტინგეებს რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი გამოეყო და მანქანასთან მივიდა. რის შემდეგაც ფურგონი მომიტინგეებისკენ დაიძრა. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, თითქოს წინასწარ შერჩევით დააკავეს 4-5 მოქალაქე, დანარჩენები კი პოლიციის მოთხოვნით დაიშალნენ. დაკავებულები 30 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.