1995 წლის 28 ივნისის დილიდან დევნილმა მოსახლეობამ (პრესა მათ მოიხსენიებს ლტოლვილებად) პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. მიტინგს შეუერთდა თბილისში მყოფი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მთელი შემადგენლობაც. მათი თქმით, “აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური პროცესი ადგილიდან არ იძვრის. რუსეთის მხარე, რომელმაც თავის თავზე აიღო სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების მისია, არ ასრულებს ვალდებულებას. შემოიფარგლებიან მხოლოდ სასაზღვრო ჯარის ფუნქციით” და იცავენ იმ დროს აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ვლადისლავ არძინბას რეჟიმს. არ დაწყებულა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლისა და განიარაღების პროცესი. სეპარატისტთა შეიარაღებული ბანდები დათარეშობენ ე.წ. უშიშროების ზონაშიც და “აგრძელებენ ქართველი მოსახლეობის გენოციდს”.
აქციის მონაწილენი ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ ესენგე-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) ქვეყნების მეთაურებთან და რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაუყოვნებლივ აღადგინოს საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთზე და დაიწყოს ლტოლვილთა (იმ დროს დევნილებსა და ლტოლვილებს სინონიმებად იყენებენ) უპირობო დაბრუნება.
დევნილები ამბობდნენ, რომ აქციას დაასრულებდნენ იმ შემთხვევაში თუ გადაიდგმებოდა შემდეგი ნაბიჯები:
დევნილთა საპროტესტო აქციის საკოორდინაციო შტაბი აცხადებდა, რომ თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, საკითხს დაუსვამდნენ რუსეთის ფედერაციას და მოსთხოვდნენ ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას.
მაშინდელ პრესაში ჩანს, რომ დევნილთა აქციამ თბილისში პერმანენტული სახე მიიღო. გაზეთი “კვირის პალიტრა” 1995 წლის 25 ივლისის გამოცემაში გაზეთ “ივერია ექსპრესზე” დაყრდნობით წერს, რომ ენგურის ხიდიდან აქციების თბილისში გადმოტანით მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, მეტ ყურადღებას მიიპყრობდნენ. აქციის მე-13 დღეს მონაწილეთა ხუთწევრიან წარმომადგენლობას სახელმწიფო მეთაური, ედუარდ შევარდნაძე შეხვდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაზეთის კორესპონდენტს ეუბნება, რომ ომის დაწყებამდე და მერეც ესწრებოდა პარლამენტის იმ სესიებს, რომლებზეც აფხაზეთის საკითხი ირჩეოდა, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მიიღეს საჭირო გადაწყვეტილება კვორუმის უქონლობის გამო. აქციის მონაწილეები პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევას და რეალური გადაწყვეტილების მიღებას ელოდნენ.