2001 წლის თებერვლის დასაწყისში ხარაგაულის რაიონის სოფლების ხევისა და ბორითის სკოლის მასწავლებლები გაიფიცნენ. ისინი გასული წლის რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანების მიღებას მოითხოვდნენ. თუმცა ჯერ კიდევ წინა წლის აგვისტოში ფინანსთა მინისტრს განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ჰქონდა ნათქვამი, რომ წინა წლის დავალიანება 2001 წლის მაისიდან გრაფიკის მიხედვით გადაირიცხებოდა, მანამდე კი პედაგოგები მიმდინარე თვეების ხელფასს მიიღებდნენ. მართლაც ყოველ თვე იღებდნენ ხელფასს, მაგრამ გაუგებრობას იწვევდა ის ფაქტი, რომ ხელფასის გაცემისას არ ფიქსირდებოდა რომელი თვის ხელფასს იღებდნენ, ამიტომ შიშობდნენ, რომ წინა წლის მიუღებელ ხელფასს დაკარგავდნენ.