EN

მიტინგი – გადადგეს შევარდნაძე!

left arrow

1994

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1994 წლის 7-9 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმები

აქცია

ლიდერები

ირაკლი წერეთელი, მონარქისტების ლიდერი,
ლ. ჟორჟოლიანი, გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე,
მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან პარლამენტის წევრი კუპრეიშვილი, სოც-დეკების წარმომადგენელი დოჩია.

მთავარი მოთხოვნა

გადადგეს შევარდნაძე!

პროტესტის ადრესატი

სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია. 9 ივლისს სამართალდამცველებმა დაშალეს მიტინგი.

1994 წლის 7 ივლისს კინოს სახლთან (რუსთაველის ძეგლის პირდაპირ) ოპოზიციურმა პარტიებმა გამართეს სანქცირებული მიტინგი – გადადგეს შევარდნაძე! ისინი სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის, გადადგომას ითხოვდნენ. შეკრებილებს მიმართეს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ირაკლი წერეთელმა, მონარქისტების ლიდერმა ლ. ჟორჟოლიანმა, გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ, მერაბ კოსტავას საზოგადოებიდან პარლამენტის წევრმა კუპრეიშვილმა, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა დოჩიამ. 

ნოდარ ნათაძემ ხელისუფლებას  ბრალი დასდო ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაში, ეკონომიკის განადგურებაში. მისი თქმით, საქართველო უფრო და უფრო მაფიოზურ-კრიმინალური ხდება.

რესპუბლიკელებმა კი თქვეს, რომ მიტინგის ორგანიზებაში არ იყვნენ ჩართულნი, რადგან სახელმწიფო მეთაურის გადადგომის მოთხოვნაზე შევარდნაძეს მართლაც გადადგომით რომ  ეპასუხა, არავინ იყო მზად. “ჯერ შევარდნაძე წავიდეს და დანარჩენი მერე ვნახოთო”, – ამბობდნენ სხვა გამომსვლელები.

მიტინგის მონაწილენი აღნიშნავდნენ, რომ საქართველო კატასტროფის წინაშეა, სახელმწიფო  აპარატი კორუფციისა და მაფიის კლანჭებშია, სახელმწიფოს მეთაური იმპერიალისტური რუსეთის აგენტია, ამიტომ შევარდნაძე უნდა გადადგეს, უნდა გაუქმდეს მინისტრთა კაბინეტი.

“არის თუ არა შევარდნაძე ხალხის მტერი?” – შეჰყვირა ირაკლი წერეთელმა, რაც დაუდასტურეს შეკრებილებმა. “თუ შევარდნაძე არ გადადგება, ჩვენ უნდა აღვმართოთ ბარიკადები, რომლებიც გამსახურდიას დროს არ უნდა აღგვემართა. ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ საქართველოსთვის არ უღალატია”, – წერეთლის აზრით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ახალ ფაზაში უნდა გადასულიყო. 

გაზეთი “რეზონანსი” ამ აქციაზე თხრობას ასე აჯამებს: “მიტინგზე მოსული ნახევრად მშიერი, სიცხისგან გათანგული ხალხი იდგა და სულაც არ ჰგავდა 1988 -1989 წლების მომიტინგეებს”.

შეკრებილთა მოთხოვნით, მორიგი მიტინგი ისევ კინოს სახლთან 9 ივლისს გაიმართა, თუმცა, 7 ივლისისაგან განსხვავებით, ის სამართალდამცავებმა დაშალეს. რამდენიმე მოქალაქე რეზინის ხელკეტითა და წიხლებით სცემეს, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. არადა ორივე დღეს ჩატარებული მიტინგი არასანქცირებული იყო.  გაზეთი “დრონი” წერს, რომ აქციაზე მისულ სამართალდამცველთა რაოდენობა აჭარბებდა მომიტინგეთა რიცხვს, ადგილზე იმყოფებოდა სპეციალური დანიშნულების ბატალიონიც.

Media

მიტინგი დაღლამდე - რეზონანსის სტატია

მიტინგი დაღლამდე - რეზონანსის სტატია

წყარო: გაზეთი რეზონანსი, 1994 წლის 9-10 ივლისი