EN

აქციები დევნილთა დაბრუნების მოთხოვნით

left arrow

1994

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1994 წლის 11-26 ივლისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

დევნილთა დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა.

პროტესტის ფორმები

აქცია, მარში

ორგანიზატორი

ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში თავშეფარებული დევნილები

მთავარი მოთხოვნა

დაჩქარდეს დევნილთა დაბრუნების პროცესი

აღიკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელმძღვანელობა,
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი,
გაეროს გენერალური მდივანი

ლოზუნგები

“ჩვენ მზად ვართ აფზახ ხალხთან მოსალაპარაკებლად”, “ჩვენ თანახმა ვართ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანად მორიგებაზე”, “ჩვენ არ გვინდა ომი”

1994 წლის ივლისში აქციები დევნილების დაბრუნების მოთხოვნით პერმანენტულად იმართებოდა. 11 ივლისის დილას აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში ცხოვრობდნენ, მდინარე ენგურის ხიდისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მშობლიურ სახლში დაბრუნების პროცესის დაჩქარებას და კონკრეტული ვადების დადგენას მოითხოვდნენ. მსვლელობის მონაწილეებს ენგურის ხიდთან შეხვდნენ და ესაუბრნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური იაკუშევი, სარდლობის წარმომადგენლები  და გალის რაიონის გამგებელი. მსვლელობაში მონაწილე დაახლოებით 5 ათასამდე დევნილმა მიმართვა შეადგინა გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის სახელზე, ასევე  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და საქართველოს ხელმძღვანელობის მისამართით. ისინი აფხაზეთის პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრას ითხოვდნენ.

აქციები დევნილების დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. ენგურის ხიდთან  21 ივლისსაც  შეიკრიბნენ აფხაზეთიდან იძულებით წამოსულნი. მრავალათასიან  მიტინგზე  სიტყვით გამოვიდა ოჩამჩირის რაიონის გამგებელი ხუტა გუგუჩია, გალის რაიონის გამგებელი ვახტანგ ყოლბაია, რუსეთის სამშვიდობო ჯარების პოლკოვნიკი ევგენი დრობინი.  დევნილები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარების მიმართ, რადგან მიაჩნდათ, რომ  ისინი მხოლოდ აფხაზურ მხარეს იცავდნენ და არა – ქართველების. 

მიტინგზე აფხაზი სეპარატისტების მიერ იმ წელს ჩადენილი დანაშაულის არაერთი მაგალითი მოიყვანეს: გალის რაიონის სოფელ მზიურის მკვიდრ მამუკა კუპრავას ყური მოაჭრეს და სადისტურად აწამეს. დევნილები აცხადებდნენ, რომ ასეთი ფაქტებით აფხაზური მხარე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა სამეგრელოში მყოფ დევნილებზე. 

ამ წლების პრესაში დევნილი და ლტოლვილი სინონიმებად გამოიყენება. გაზეთი “დრონის” მიხედვით, იმდღევანდელ მიტინგზე აშკარად ჩანდა, რომ გადატანილი უბედურების მიუხედვად, ლტოლვილები აფხაზების მიმართ შეურიგებლად არ იყვნენ განწყობილნი – “ჩვენ მზად ვართ აფხაზ ხალხთან მოსალაპარაკებლად”, “ჩვენ თანახმა ვართ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანად მორიგებაზე”, “ჩვენ არ გვინდა ომი” – ასეთი ლოზუნგები ჩანდა მიტინგისას.

შეკრებილებმა ადგილზე შექმნეს ექვსწევრიანი საპროტესტო კომიტეტი. მეორე დღეს, 22 ივლისს, პროტესტი მჯდომარე აქციით გააგრძელეს.

22 ივლისვე, გალის რაიონიდან ქართული ეროვნების 20 ადამიანის დეპორტაციის შემდეგ, სოფელ რუხში შეიქმნა შტაბი, რომელიც შეისწავლიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტებს და გადასცემდა განსახილველად სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას.  

სოფელ რუხში გამართეს აქციაც, რომლის მონაწილეები მიმართავდნენ სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობას და წუხდნენ, რომ აფხაზეთის რეგიონში დევნილების დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა. ისინი ითხოვდნენ, აღიკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, განახლდეს განაღმვითი სამუშაოები, შევიდნენ ქართველი დამკვირვებლები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში და დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები.

ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა პრესაში. მაგალითად, გაზეთი “რეზონანსი” სააგენტო “იბერიაზე” დაყრდნობით წერდა, რომ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე შეიჭრა 30-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი, რომელმაც ალყაში მოაქცია სოფლის ცენტრალური უბანი და დაატყვევა ადგილობრივი მოსახლეობა. შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს ცოლ-ქმარი გაწერელიები და სოფლის რამდენიმე მცხოვრები. თავდამსხმელებმა ნაბაკევის მოსახლეობა გამოაძევეს მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე ზუგდიდის მიმართულებით. ამ ფაქტების შესახებ აცნობეს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების ჩრდილოეთის ზონის წარმომადგენლებს, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

1994 წლის 26 ივლისს დევნილებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ შეკრებილები დააიმედა, რომ “ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი ძალიან ჩქარა დაიწყება”. 

Media

ამონარიდი გაზეთიდან

ამონარიდი გაზეთიდან

გაზეთი "დრონი", 1994 წელი