1994 წლის 28 ივლისს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ სამაჩაბლოდან ჩამოსული ათასობით ადამიანი. აღშფოთებული ხალხი მოითხოვდა სახელმწიფო მეთაურთან, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრას. აქციის მონაწილენი ამბობდნენ, რომ იძულებულნი გახდნენ, აქცია გაემართათ, რადგან 19 ივნისს თბილისის საგზაო პოლიციამ მანქანის გატაცების ბრალდებით დააკავა სოფელ ქურთაში მცხოვრები სამი “პატიოსანი, კეთილშობილებით აღსავსე ვაჟკაცი” – როინ ყოჩიაშვილი, გია მეგრელიშვილი და ანდრო ბასიშვილი. მეორე დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოში ჩავიდა მანქანის მესაკუთრე გოჩა ხეთაგური და დაამტკიცა, რომ მანქანა არავის გაუტაცია.
პოლიცია დაკავებულების მეორე დღეს გათავისუფლებას დაჰპირდა. გაზეთი “დრონი” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ გათავისუფლების ნაცვლად დაკავებულებს იმ ღამით ნარკობიზნესში მონაწილეობა დააბრალეს, რის გამოც “თურმე სადისტურად სცემდნენ როინ ყოჩიაშვილს, დიდი წამების შემდეგ კი ძირს დაანარცხეს და ასე წამებაში ამოხადეს სული… ასევე სასტიკადაა ნაცემი გოჩა ხეთაგური, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი”. გია მეგრელიშვილმა კი, რომლის თვალწინაც მოხდა ეს ყველაფერი, თვითმკვლელობა სცადა. “თანასოფლელების თქმით, იგი დაჭრილი მოათავსეს საავადმყოფოში”.
თბილისში ჩამოსულებს შეხვდა სახელმწიფო მეთაურის სრულუფლებიანი წარმომადგენელი შიდა ქართლის ზონაში ვაჟა ხაჭაპურიძე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიმართლის დადგენაში დახმარებას დაპირდნენ. ხოლო საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გია ჩეჩელაშვილმა თავის თავზე აიღო დამნაშავეების დაკავება. ამის შემდეგ მომიტინგეები დაიშალნენ.