EN

პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ

left arrow

2002

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2002 წლის 1- 27 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ურბანული საკითხები

პროტესტის ფორმა

პიკეტი

პროტესტის მიზეზი

მშენებლობის დაწყება

ორგანიზატორი

ვაჟა ფშაველას გამზირზე მცხოვრებლები

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს სასტუმრო

პროტესტის ადრესატი

ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა

პროტესტის შედეგი

პროექტი შეჩერდა

ყოფილი მოჭადრაკე თამაზ გიორგაძე ვაჟა ფშაველას გამზირზე, სასტუმრო “აფხაზეთის” პირდაპირ, კორპუსებს შორის სავაჭრო ცენტრის აშენებას აპირებდა, რაც მოსახლეობამ გააპროტესტა. “აქ რომ სავაჭრო ცენტრი აშენდეს, “კუდის მოსაბრუნებელი” ადგილი აღარ დაგვრჩება. საცხოვრებელ კორპუსებთან ასე ახლოს არაფრის აშენება არ შეიძლებაო”, – ჩიოდნენ მოქალაქეები, რომლებმაც დაიწყეს პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ.

მათ ჯერ ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიმართეს და არაფერი რომ არ გამოუვიდათ, 2002 წლის ივლისში ქუჩა გადაკეტეს. საპროტესტო აქციის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის გასაკვირად, მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და სავაჭრო ობიექტის მშენებლობა შეაჩერა. სავაჭრო ცენტრის მეპატრონემ გამგეობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რადგან მას მერიიდან ყველა საჭირო ნებართვა ჰქონდა, მაგრამ ვაკე-საბურთალოს რაიონის არქიტექტორებმა მერიის არქიტექტურის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ პროექტში გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინეს. “პროექტში გაბარიტული ზომებია დარღვეული, არქიტექტურულ ნორმებში არ ჯდება. გამგეობამ მშენებლობა ამიტომაც შეაჩერა,” – უთხრა გაზეთ “24 საათს” რაიონის მთავარმა არქიტექტორმა თამაზ მურვანიძემ.

საქმეს კვლავ ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლო იძიებდა. თუმცა, ამჯერად, როგორც გამგეობის მთავარი არქიტექტორი ვარაუდობდა, “სასამართლო უფრო ობიექტური იქნება და სავაჭრო ცენტრის მშენებლობას შეაჩერებს იქამდე, სანამ თამაზ გიორგაძე პროექტის ხარვეზებს არ გაასწორებს. ასე რომ, მოსახლეობამ, ჯერჯერობით, გაიმარჯვა. მომავალში გამორიცხული არაფერია”, – წერს გაზეთი.

Media

გაზეთი "24 საათი"

გაზეთი "24 საათი"