1993 წლის ივნისში საქართველოში პურის ბუნტი დაიწყო. უპურობის გამო ხალხმა პროტესტი დაიწყო. 22 ივნისს სენაკში მცირე ჯგუფმა რკინიგზის ბლოკირება სცადა, მალე მათ 300-400 ადგილობრივი მცხოვრები შეუერთდა და რკინიგზის სადგურთან მისასვლელი გზები გადაკეტეს. სენაკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ ადამიამ თქვა, რომ ქალაქში მღელვარება პურის სისტემატურმა ნაკლებობამ გამოიწვია: აუცილებელი 24 ტონის ნაცვლად, მხოლოდ 8 ტონა პური ცხვებოდა. სენაკელებს პურს ფოთიდან შეზღუდულად აწვდიდნენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ ქალაქიდან 300 პოლიციელის გაყვანას. სენაკელები ამბობდნენ, რომ მათი უზრუნველყოფა პურითა და საჭირო პროდუქტებით ძვირი უჯდებათ.
პურის ბუნტი საქართველოში გრძელდებოდა. 26 ივნისს ხობის რაიონის სოფელ ხუტასთანაც მოაწყო აქცია “უპურობით გაწამებულმა” ხალხმა. მათ ცენტრალური ტრასა სატვირთო მანქანებით გადაკეტეს, რის შემდეგაც სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდა.
9 აგვისტოს ლენტეხშიც გაიმართა აქცია. ადგილობრივები რაიონის გამგეობის გადადგომას და იმ პირთა დასჯას ითხოვდნენ, რომელთაც წვლილი მიუძღვით მოსახლეობის კუთვნილი პურის ფქვილის გაყიდვაში. როგორც გაზეთ “რეზონანსს” აცნობეს, “მოსახლეობას არ აქვს ფქვილის მარაგი და ფაქტობრივად შიმშილობს”. უკვე 16 აგვისტოს გაზეთს აცნობეს, რომ რაიონში შეიტანეს 14 ტონა ფქვილი ძირითადად ქუთაისიდან. “ლენტეხის რაიონში პური არ ცხვება, არამედ ფქვილი ურიგდება მოსახლეობას იმ რაოდენობით, რის შესაძლებლობასაც იძლევა შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა”, – განაცხადა ზურაბ ბენდელიანმა, ლენტეხის რაიონის პროკურორმა. მან ასევე თქვა, რომ ფქვილის საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.