1999 წლის 29 აპრილს სტუდენტებმა შიმშილობა დედა ენის ძეგლთან დაიწყეს, ისინი ქართული რელიგიური და სულიერი ხელოვნების ნიმუშების საზღვარგარეთ გამოსაფენად გატანას აპროტესტებდნენ. მთავრობა აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საგამოფენოდ გაეგზავნა ქართული ხელოვნების 130 ნიმუში, რომელთა შორის იყო IX საუკუნის ხატები და ხელნაწერები. გაზეთ “კვირის პალიტრის” ცნობით, აქციის მონაწილეები შიშობდნენ, რომ “ამერიკელები დააპატიმრებდნენ გამოფენას იმ კრედიტების სანაცვლოდ, რომელიც აშშ-მ საქართველოს გამოუყო”. თავიდან 3 დღე მშრალი შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. შემდეგ მძიმე მარხვას იცავდნენ.
11 მაისს სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე შეხვდა. სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ უძველესი ქართული კულტურის ნიმუშები ფართო საზოგადოებამ უნდა ნახოს, მაგრამ კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ ქვეყნიდან საეკლესიო დანიშნულების ნივთების გატანას. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჭირო იყო არა აქციები და მიტინგები, არამედ “კომპეტენტურად და შეთანხმებულად გადაწყვეტა”.
31 მაისს სტუდენტები ეროვნულ მუზეუმთან ავიდნენ, თუმცა პოლიციამ შეკრებილები ძალის გამოყენებით დაშალა. ერთ მონაწილეს, ლერი ჩხეტიანს ცხვირის ძვალი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო. დანარჩენი აქციის მონაწილეები ისევ დედა ენის ძეგლთან დაბრუნდნენ.
6 ივნისს სტუდენტები პუშკინის სკვერში მივიდნენ, სადაც მათ კიდევ დაახლოებით 100 ადამიანი შეუერთდა, ისინი ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ და როგორც გაზეთი “იბერია სპექტრი” წერს, “ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ”. ხელისუფლებამ ეს მიტინგი დაარბია.
ივლისის დასაწყისში ეროვნული საგანძურის გატანის წინააღმდეგ აქციებმა ზუგდიდში გადაინაცვლა. აქციის ზუგდიდელი მონაწილეების ინფორმაციით, გასატან ექსპონატთა შორის ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის კუთვნილი უძველესი ჯვარი იყო. “მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და სტუდენტების ბრძოლა დალოცა პარლამენტარმა თენგიზ ჯგუშიამ”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა”.