1997 წლის 17 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბნენ კომპანია “თბილტრანსის” მძღოლები და საქართველოს პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
როგორც “გაზეთ 7” დღის სტატიიდან ირკვევა, 1975 წლიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო დედაქალაქის ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის საკმარისი მძღოლები არ იყვნენ, ამიტომ საქართველოს კომპარტიამ და თბილისის სატრანსპორტო გაერთიანებამ (თბილტრანსმა) მძღოლები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, სანაცვლოდ კი თბილისში ბინებსა და მსუბუქ მანქანებს დაჰპირდნენ. რაიონებიდან თბილისში ჩასულებს 6 წელი უნდა ემუშავათ ბინის მისაღებად, დედაქალაქის მაცხოვრებლებს კი – 4. მათ, ვინც საერთო საცხოვრებლებში ვერ დაეტია, ბინის ქირას სახელმწიფო უხდიდა.
მძღოლებს, გარდა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთისა, რაიონებიდან თავიანთი საცხოვრებელი ბინის ჩაბარების ცნობაც უნდა წარმოედგინათ. ამიტომ ფაქტობრივად, უკან დაბრუნებაც აღარ შეეძლოთ. დაახლოებით ათასი ადამიანის ბინით უზრუნველყოფა მოესწრო 1988-89 წლამდე, იქამდე, ვიდრე ყველაფერი აირეოდა და ბინათმშენებლობაც შეწყდებოდა. “ჩვენ 6 წელი პირნათლად ვიმუშავეთ, კონტრაქტის პირობები დავიცავით. 1995 წლამდე ქვეყანას უჭირდა და ხმა არ ამოგვიღია… 530 კაცი დავრჩით უბინაოდ. ზოგი ქირით ვცხოვრობთ, ზოგი მიტოვებულ საავარიო ნასახლარებში”, – უთხრა გაზეთს საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ, “თბილტრანსის” ყოფილმა მძღოლმა, მურად ნოზაძემ, რომელიც თბილისში 1983 წელს დასახლებულა.
არსებობდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიას და ფინანსთა სამინისტროს ევალებოდათ, 1998-2000 წლების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში გაეთვალისწინებინათ მძღოლების მიმართ დავალიანება და თანხა გამოეყოთ მის დასაფარად.
აქციის მონაწილეებს შეხვდა სახელმწიფო კანცელარიის თანამშრომელი კახა ქორიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა გამოყოფილი არ არის და ვერც გამოიყოფა.
უშედეგოდ დასრულებული პროტესტის შემდეგ, თბილტრანსის მძღოლების აქცია მომდევნო წელს განახლდა. 1998 წლის 17 მაისს დაახლოებით ასი ადამიანი ალექსანდრეს პარკში შეიკრიბა. ისინი დაპირებული ბინების მიღებას ითხოვდნენ.
მძღოლებს ფინანსთა მინისტრთან, მიხეილ ჭკუასელთან შეხვედრა სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ამიტომ თბილისის მერიასა და “თბილტრანსს” მიმართეს. ქალაქის მერი ბადრი შოშიტაიშვილი შეკრებილებს დაჰპირდა, რომ მუხიანში 9 წლის წინ დაკონსერვებული კორპუსის მშენებლობა განახლდებოდა და იქ შეასახლებდა რამდენიმე ოჯახს. დანარჩენი 502 ოჯახის საკითხს კი ორ დღეში ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას გადაწყვეტდა.