2000 წლის ოქტომბერში თბილსრესის (თბილისის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური) თანამშრომლებმა უხელფასობის გამო გაფიცვა დაიწყეს. მთელი კვირის განმავლობაში მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა ვერ შეძლეს, ამიტომ “შტურმით აიღეს მართვის ცენტრალური პუნქტი და დაიმუქრნენ – თუ დაუყოვნებლივ არ მიიღებენ კუთვნილ ხელფასებს, მთელ აღმოსავლეთ საქართველოს შეუწყვეტდნენ ელექტროენერგიის მიწოდებას”.
როგორც გაზეთი “კვირის პალიტრა” აქციის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს, იმის გამო, რომ გაფიცულებს ვერაფერი მოუხერხეს, ხელისუფლებამ თავად გაავრცელა ხმა, თითქოს, ვიღაცამ დარეკა და თქვა, რომ თბილსრესში ბომბია. ამ გზით შეეცადნენ შენობაში შეჭრილი გაფიცულების გამოყვანას, მაგრამ, როგორც “კვირის პალიტრა წერს, “მამაც თბილისრესელებს სასაცილოდაც არ ეყოთ ბომბის ისტორია” და არ გამოვიდნენ შენობიდან. უშიშროების სამსახურმა სამძებრო სამუშაოები ჩაატარა და ბომბი ვერ იპოვა. “გაფიცულები კვლავაც ცენტრალურ პუნქტში იყვნენ გამაგრებულნი და სრული წყვდიადით ემუქრებოდნენ ქვეყანას”.
ამის შემდეგ თბილსრესის უცხოელი ხელმძღვანელები თბილისში ჩამოვიდნენ და რამდენიმე საათის შემდეგ ორი თვის ხელფასები მისცეს, რის შემდეგაც აქცია დაიშალა. თუმცა კვლავაც გასაცემი რჩებოდა 6 თვის თანხა, რაც ჯამში მილიონ ორასი ათას ლარს შეადგენდა.