2000 წლის 12 ივნისს რუსთაველის გამზირზე ყოფილი ძალოვნების აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგანი ჯარებისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ პენსიების მიღებას ითხოვდნენ. გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს, რომ მათი პენსიები “სხვებთან შედარებით საკმაოდ თვალში საცემია – დაახლოებით 60-180 ლარი”. მათი პენსიები შესაბამისი ძალოვანი უწყებების ბიუჯეტიდან გაიცემოდა, თუმცა 2000 წლის ივნისის დასაწყისში, პრეზიდენტის ბრძანებით, ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო ფონდებიც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა. სამინისტროს ხელმძღვანელების განცხადებით, ამ ოპერაციას ორი-სამი თვე მაინც დასჭირდებოდა. ამიტომ ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერები მხოლოდ სექტემბერში მიიღებდნენ პენსიას.
გაზეთ “კვირის პალიტრის” ცნობით, ყოფილი ძალოვნების აქცია იმითაც იყო გამორჩეული, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მიუხედავად, მოქმედმა ძალოვნებმა ყოფილი კოლეგებისადმი ძალა არ გამოიყენეს და არ დაშალეს, განსხვავებით, მაგალითად, დევნილების მიტინგისაგან. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოქმედ ძალოვნებსაც ბოლო სამ წელიწადში ერთი წლის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული და მიღების პერსპექტივაც არ ჩანდა.
შეკრებილები დაახლოებით 2 საათში დაიშალნენ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წარგზავნილები მიიღო და მათი მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას დაჰპირდა.